ევროპარლამენტარების განცხადებების მიუხედავად, პრმიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს, რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარება, არა დახმარება, არამედ სესხი იყო და მთავრობამ ამიტომ თქვა მასზე უარი. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მას ევროპარლამენტარების განცხადებები “არ აინტერესებს”, რადგან ისინი მისი უფროსები არ არიან. ამასთან ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების განცხადებებს ზედაპირული უწოდა და მათ “ვითარებაში გარკვევა” ურჩია.
“ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, ეს ერთი. მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებასა და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ.
არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყი სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი”,-თქვა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 31 აგვისტოს, თქვა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავოს. მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანამ ეტაპობრივად ვალის შემცირება დაიწყო.
ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 75 მლნ ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას შეასრულებდა, რომელიც 2020 წლის სექტემბერში აიღო. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.