ისრაელიდან მრავალფეროვანი ტურისტები გვყავდა და ძალიან კარგ იმიჯს უქმნიდნენ საქართველოს. მათ საქართველო უყვართ და ძალიან აფასებდნენ გასტრონომიულ კულტურასაც, ბუნებასაც და ა.შ. – ამის შესახებ ტურ-ოპერატორთა ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ისრაელი უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში საქართველოს ერთგული პარტნიორი იყო. ძალიან ბევრი ტურ-ოპერატორი კომპანია თუ ინდივიდუალური მოგზაური ჩამოდიოდა საქართველოში და თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ისრაელი არის ის ქვეყანა, საიდანაც მრავალჯერადი ვიზიტები გვქონდა. ის ადამიანები, რომლებიც უკვე იყვნენ წლების წინ საქართველოში, კიდევ და კიდევ ჩამოდიოდნენ ზოგიერთი 5-ჯერ, ათჯერაც იყო ნამყოფი. ამით ისრაელი ყოველთვის გამოირჩეოდა. კავკასიის ქვეყნებს არ შევადარებ, მაგრამ აღმოსავლეთიდან ნომერ პირველი ქვეყანაა, საიდანაც შეიძლებოდა სწორი გათვლები გვეკეთებინა და ვაკეთებდით კიდეც.
ისრაელი საკმაოდ მყარი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის, მე ვიტყოდი. ისინი საშუალო და საშუალოზე დაბალი მხარჯველები არიან, თუმცა იყვნენ მაღალმხარჯველი ვიზიტორებიც. ამიტომ ვამბობ, რომ იქიდან მრავალფეროვანი ტურისტები გვყავდა და ზოგადად, ძალიან კარგ იმიჯს უქმნიდნენ საქართველოს. მათ საქართველო უყვართ და ძალიან აფასებდნენ გასტრონომიულ კულტურასაც, ბუნებასაც და ა.შ.
ისრაელის ომი რასაკვირველია, კიდევ უფრო აისახება ტურისტული ნაკადების შემცირებაზე საქართველოში. მოლოდინები არის საკმაოდ ნეგატიური. ის კომპანიები რომლებიც მხოლოდ ისრაელის ბაზარზე მუშაობდნენ, ძალიან დაზარალდნენ და ძალიან გაუჭირდებათ აღდგენა, რადგან არავინ იცის, როდის აღდგება ტურიზმი.
გამოცდილებამ გვაჩვენა და ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი ტურისტული ბაზრები უნდა იყოს მრავალფეროვანი და არ უნდა ვიყოთ კონკრეტულ ერთ ქვეყანაზე მიბმული. გამოსავალი რასაკვირველია, არის პირველ რიგში დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც ძალიან უნდა გავზარდოთ ჩვენი მარკეტინგი და მაქსიმალურად უნდა მოვიზიდოთ იქიდან ხალხი,“- აღნიშნა თაბაგარმა.










