“არა რუსულ კანონს!” – ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლება, საპროტესტო აქცია გაიმართეს.
“ევროპა ჩვენი არჩევანია,” “რუსული კანონით გაქრება ჩვენი და თქვენი არჩევანი,” “ნუ გვატყუებთ,” ამ და სხვა ბანერებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მათ გააპროტესტეს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ .
“საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. რუსული კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.
“რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმართული მომდევნო აქცია ქუთაისში, 15 აპრილს, გაიმართება. ამ დღეს “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
“ქართული ოცნება” რუსული კანონის მიღებას 17 მაისს გეგმავს. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა იურიდიულ კომიტეტზე 15 აპრილს, 10:00 საათზე იწყება, პლენარულ სხდომაზე კი პირველი მოსმენით 16 აპრილს იმსჯელებენ.
ბოლო მოსმენის თარიღად 17 მაისია მითითებული.










