არანაირ კორუფციას არ მივესალმები, გამოსაძიებელი და დასადგენია და თუ დანაშაული იქნება რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს ყველა – ამის შესახებ “მეგა ტვ”-ს მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაზა გაგუამ ბალდის კანიონზე მიმდინარე პროცესების შესახებ კითხვის პასუხად განუცხადა.
კორუფციული ბიზნესგარიგებების შესახებ მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრებმა ქუთაისში, მარტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ბალდაში კანიონის დასაცავად პროტესტი უკვე თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს.
,,გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა. გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა!” – ამ მოთხოვნებით 29 ივნისს მარტვილში, მერიის წინ, ბალდის კანიონის მცველებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა.
მოქალაქეები ბალდის კანიონის დასაცავად აქციაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბრალდებებს და აცხადებენ რომ ბუნება ეკუთვნის ხალხს.
ცნობისთვის, სახელმწიფომ ბალდის კანიონი 40 წლით იჯარით გადასცა კომპანიას ,,კანიონი350″, რომელიც ადგილზე ტურისტული ატრაქციონი მოწყობას გეგმავს. ადგილობრივები ბუნებაში ჩარევასა და მის დაბეტონებას თითქმის ერთი წელია აპროტესტებენ. ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო კანიონზე მშენებლობა შეჩერებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანიას სოფლის მოსახლეობის დაპირისპირებას ცდილობს.









