12 ნოემბერს საფრანგეთში 180 000-ზე მეტი ადამიანი ქვეყანაში ჰამას-ისრაელის ომის ფონზე მომატებული ანტისემიტიზმის გასაპროტესტებლად გამოვიდა. მოსახლეობას გამოსვლისკენ პარლამენტის ორივე პალატის ლიდერებმა მას შემდეგ მოუწოდეს, რაც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, საფრანგეთში ანტისემიტიზმის შემთხვევები სამჯერ გაიზარდა.
ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქციას თითქმის ყველა მოწინავე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი შეუერთდა. მსვლელობას წინ გაუძღვნენ საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელისაბედ ბორნი, სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშე, ეროვნული ასამბლეის სპიკერი იაელ ბრაუნ-პივე, ასევე ყოფილი პრეზიდენტები ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი. აქციაზე ასევე მივიდა მარინ ლე პენი, რომელმაც მხარდაჭერებს აქციაზე მისვლისკენ 9 ოქტომბერს მოუწოდა.
მემარცხენე პარტიის დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერების თქმით, ისინი მარშს არ შეუერთდებოდნენ. ჟან-ლუკ მელანშონმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა,რომ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია “ღაზელების ხოცვის უპირობო მომხრეთა შეხვედრა” იქნებოდა.
ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმიდან დღემდე, დასავლეთის ქვეყნებში საგრძნობლად გაიზარდა ანტისემიტიზმის შემთხვევები. მაგალითად, საფრანგეთის ოფიციალური პირების თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ 1040-მდე ანტისემიტური ქმედება დაფიქსირდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანინის ცნობით, ამგვარი სამართალდარღვევებისთვის საფრანგეთში 486 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 102 უცხოელი იყო.
ამასთანავე, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივი პროპალესტინური აქციები იმართება. 21 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ლონდონში პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.










