სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს, სწორედ ამიტომ ცივილიზებული სამყარო მათ სანქციების ენით ესაუბრება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” და მისი მოადგილის მილერი ლაგაზაურის, ასევე „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლების – კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას გამოეხმაურება.
როგორც ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ მთავარი სანქცია 26 ოქტომბერს ელოდება, როდესაც ქართველი ხალხი არჩევნების გზით „ხელისუფლებიდან გაუშვებს უნდობლობა გამოცხადებულ, სანქცირებულ ხელისუფლებას“.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა „ქართული ოცნების“ ძალოვანი მაღალჩინოსნები და ასევე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ ლიდერები. ეს სანქციები არის მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს, სწორედ ამიტომ ცივილიზებული სამყარო მათ სანქციების ენით ესაუბრება. სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მეტიც საქართველოს გაუჭირდება შეინარჩუნოს ის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობაც კი, რომელიც დღეს გვაქვს. დემოკრატიულ სამყაროში, სანქცირებული ხელისუფლების მიმართ აღარავის არ აქვს ნდობა. არც ერთ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფორუმზე სანქცირებულ ადამიანებს სერიოზულად არავინ დაელაპარაკება. ეს ადამიანები ვეღარ იქნებიან საქართველოს წარმომადგენლები და ქვეყანას ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანენ. სწორედ, ამიტომ და იმ ღალატის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მთავარი სანქცია მათ ჯერ კიდევ წინ ელოდებათ და ეს სანქცია მათ 26 ოქტომბერს დაედებათ, როდესაც არჩევნების გზით ქართველი ხალხი ხელისუფლებიდან გაუშვებს უნდობლობა გამოცხადებულ, სანქცირებულ ხელისუფლებას.
ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები იქნება ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ ევროატლანტიკური განვითარების გზაზე , რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ 9-ნაბიჯი და დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ასევე შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. „ძლიერ საქართველოს“ გვჯერა, რომ ქართველ ხალხთან ჩვენ დავიხსნით ქვეყანას სანქცირებულ, უნდობლობა გამოცხადებულ, მოღალატე ხელისუფლებისგან და ჩავდგებით საქართველოს და ქართველი ხალხის სამსახურში“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.