ამსტერდამში მდებარე ონკოლოგიურ ინსტიტუტსა და აშშ-ის ბეილორის სამედიცინო კოლეჯში მომუშავე მეცნიერებმა, ადამიანის დნმ-ს სტრუქტურა შეცვალეს და ის კოღოსას დაამსგავსეს.
მეცნიერებმა განსხვავებული სახეობების წარმომადგენელი ცოცხალი არსებების დნმ შეისწავლეს, მათ შორის ადამიანისა და კოღოსი, რის შედეგადაც მისი ორი მთავარი სტრუქტურა გამოავლინეს.
სამგანზომილებიანი მოდელების ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი თითოეული უჯრედის ბირთვში ქრომოსომები შედარებით მჭიდროდაა განლაგებული, აღნიშნული მწერების შემთხვევაში კი ეს მიკრომოლეკულები უფრო თავისუფლადაა თავმოყრილი. სპეციალისტებმა დაადგინეს ისიც, რომ ზოგიერთ ცხოველს ევოლუციისას შეუძლია, ჯერ დნმ-ის ერთი ფორმა ჰქონდეს, შემდეგ მეორე და ისევ პირიქით.
მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ თავისუფლად განლაგებული ქრომოსომები იმ ცხოველებში გვხვდება, რომელთა ორგანიზმშიც condensin II-ის სახელით ცნობილი ცილის წარმომქმნელი გენი შესუსტებულია. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ დნმ-ის ორგვარი სტრუქტურის მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ეს იყოს. მათი ჰიპოთეზა კომპიუტერულმა სიმულაციებმაც დაამტკიცა. ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ადამიანის უჯრედში ზემოხსენებული ორგანული ნაერთი გაანადგურეს, რის შედეგადაც ქრომოსომებმა ფორმა შეიცვალეს და კოღოს სხეულში არსებულ მიკრომელეკულებს დაემსგავსნენ.
მკვლევართა განცხადებით, უკანასკნელი მიგნება ცხოველთა ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. მომავალში ისინი აპირებენ გაარკვიონ, რა გავლენას ახდენს დნმ-ის სტრუქტურა გენის ექსპრესიაზე და აქვს თუ არა რომელიმე მათგანს რაიმე სახის უპირატესობა.