USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შედგა. ინფორმაციას USAID განათლება მომავლისთვის ავრცელებს.
თანამშრომლობის მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.
შეხვედრას პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი, პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ქართულ უნივერსიტეტში მთავარეპისკოპოსი იაკობი და სხვა პირები ესწრებოდნენ.
,,უნივერსიტეტების მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის შერჩეულმა საქართველოს ოთხმა უნივერსიტეტმა აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასთან ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.
აღნიშნული უნივერსიტეტებია:
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University
– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
– წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU
,,დამსწრე საზოგადოებას მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა.
აშშ-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის ასოცირებულმა დეკანმა გლობალური ჩართულობის მიმართულებით, პროფესორმა ივეტა სილოვამ.
შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლა მომავალი ოთხი წლის მანძილზე პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ექსპერტულ დახმარებას, რაც გულისხმობს ახალი სასწავლო კურსების შემუშავებას, სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, თანამედროვე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები, დიპლომატიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.”_ნათქვამია ,,USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









