აკრძალულია სასტუმროების საქმიანობა, მაგრამ კერძო ბინის გაქირავებაში ვერ ჩავერევით – ამის შესახებ bm.ge–ს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაკურიანში ბინის მფლობელები გააფრთხილეს, სასწრაფოდ დაცალონ გაქირავებული აპარტამენტები და აღარ გააქირავონ.
„ერთადერთი რაც განხორციელდა, ეს იყო სასტუმროების შემოწმება. კერძო ბინის გაქირავება–არგაქირავების საკითხებში ვერ ჩავერევით. ამის არავითარი ბერკეტი არ არსებობს. კოორდინირებულად ვმოქმედებთ შს სამინსიტროსთან და არაფერი მსგავსი არ ყოფილა. შემოწმებები იყო როგორც ბაკურიანში, ასევე ბორჯომში. სასტუმროს საქმიანობა არ გამოვლენილა”,– აცხადებს ბექა ფერაძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ზამთრის სეზონზე საქართველოში სამთო–სათხილამურო კურორტებზე სასტუმროს საქმიანობა აკრძალულია, არ მუშაობს არც საბაგიროები.










