აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს 12:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, სომხეთის არმია აღდერე-ერტერისა და ფუზული-ჯაბრაილის მიმართულებებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადა. გარდა ამისა, ჩვენი რამდენიმე დასახლების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლი გახსნეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა წარმატებით მოიგერიეს.
შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
სომხეთის თავდაცვის უწყება უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტარტარისა და აღდამის მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.
„თავდაცვის არმიის დანაყოფები სამხრეთის მიმართულებით მტრის თავდასხმებს იგერიებენ. გარდა ამისა, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ქალაქ გადრუტზე თავდასხმას აგრძელებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ სომხური მხარე ტარტარისა და აღდამის რაიონებზე თავდასხმას ახორციელებს, კიდევ ერთი ტყუილია,“- აცხადებს სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი.
მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 12:00 საათზე შევიდა, აზერბაიჯანულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა 12:05 საათზე დაიწყეს.
შეგახსენებთ, მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამ სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა.








