„ადვოკატები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დასაცავად“, „თანადგომა ვაჟა ექიმს“, – ამ ლოზუნგებით საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა ქუთაისში ადვოკატებმა გამოუცხადეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ექიმის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და განაცხადეს, რომ გაფრინდაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს და ის უკანონო პატიმრობაშია.
ადვოკატები ითხოვენ, შესაბამისმა უწყებებმა ქმედითი ღონისძიებები გაატარონ და გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს.
„ვაჟა გაფრინდაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთის აღიარებას სთხოვენ, რასაც არ ეთანხმება. ამის აღიარება ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას ნიშნავს. ვუცხადებთ სოლიდარობას და ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადეს ადვოკატებმა.