ნამახვანისკენ მიმავალი გზის რკინის ჯებირებით გადაკეტვას პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა. მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ხელისუფლებას ხეობა კომპანიისთვის აქვს გადაცემული და ადგილობრივ მოსახლეობას არაფერს ეკითხებიან.
“ხეობა რომ არის გადაცემული დასტურდება პირდაპირ უკვე ფაქტით. თუ ვინმეს ეგონა, რომ ჩვენ ამდენი ხანი ულტრირებულად ვამბობდით რაღაცას, ვაზვიადებდით, ყველაფერს საზოგადოება ხედავს და ვფიქრობ, რომ ამაზე უკვე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს ჩვენ საზოგადოებას და ეს უნდა გამოვლინდეს მშვიდობიან პროტესტში, მასშტაბურ შეკრებებში,” – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” კიდევ ერთი დამფუძნებელი მარიტა მუსელიანი აღმართულ ჯებირებს ბერლინის კედელს ადარებს და აცხადებს, რომ ეს იმდენად მიუღებელი იყო, რომ გასაპროტესტებლად საზოგადოებას მოწოდებაც კი არ დასჭირდა.










