”ძეგლთა დაცვის სააგენტოს აქვს დაშვებული სერიოზული ხარვეზები გელათის რესტავრაციის პროცესში” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესი 2008 წლიდან დაიწყო.
“მე როგორც დეპუტატმა და ახლა უკვე მინისტრმა, ჩავიხედე საქმეში, დოკუმენტებსა და პროექტში, მოვუსმინე ადამიანებს. ნამდვილად ვთვლი, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტოს აქვს დაშვებული სერიოზული ხარვეზები გელათის რესტავრაციის პროცესში და ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს და დღემდე გრძელდებოდა. ჩვენ მოგვიწევს ამ ხარვეზების გამოსწორება, რაც სამწუხაროდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. მოგვიწევს, რომ ეს თანხები ამ მწირი ბიუჯეტის პირობებში სისტემამ გამონახოს, რაც რბილად რომ ვთქვა ტრაგიკულია… ერთი მხრივ დაზიანებულია გელათი, მეორე მხრივ ხარვეზები არის ასე ვთქვათ ღია ჭრილობებივით, რომელსაც სწრაფი გამოსწორება სჭირდება”-განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, ის 25 მარტს, პროფესიონალ არქიტექტორ-რესტავრატორებს შეხვდება.
“ხუთშაბათს მე მაქვს შეხვედრა პროფესიონალ (ამ სიტყვას ხაზს ვუსვამ) არქიტექტორ-რესტავრატორებთან. სამწუხაროდ, ამ სფეროში 12-15 პროფესიონალია დარჩენილი და მათ მინდა დიდხანს ყოფნა ვუსურვო. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ჯერ კიდევ დეპუტატობისას ვეჭიდებოდი და ვთხოვდი რჩევას. ისინი არიან ძალიან ასაკოვანი ხალხი და მათ რეპერტუარში (ასე ვთქვათ) არაერთი კულტურული ძეგლია გადარჩენილი წარსულში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.










