თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ოჯახის ახლობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მათივე განმარტებით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა და მამაკაცი დაკავებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ც.ა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, პაატა ჯანელიძის ქუჩაზე, ოჯახის ახლობელს – 1968 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ც.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.