“შვილმა დედა მოიყვანა ხელში აყვანილი რომ იმ დღეს არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, აი ასეთი განწყობა და შემართება იყო იმ დღეს” – ასე იხსენებენ ეროვნული მოძრაობის წევრები პირველ დემოკრატიულ არჩევნებს.
დღეს, 28 ოქტომბერს ეროვნული მოძრაობის წევრებმა სწორედ პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების თარიღი აღნიშნეს.
მათ წლების წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და მთავრობას აღნიშნული თარიღის მეტი დაფასებისკენ მოუწოდეს.
29 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.
ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1989 წლის დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ – პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების “მრგვალმა მაგიდამ” შეძლო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისთვის პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.