კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების დელეგაციამ დღეს ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი გახსნა, რომელსაც ქუთაისში დაბადებული, პოლონეთის პრეზიდენტის ყოფილი ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელი მიენიჭა.
გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც პოლონურ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა როგორც აღინიშნა, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში კუიავსკო-პომორსკის რეგიონის მარშალის პიოტრ ცოვბესკის ინიციატივით ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი დაიდგმება, რომელსაც პოლონელი მოქანდაკე გააკეთებს და 2 მაისს, ქუთაისქალაქობაზე საზეიმოდ გაიხსნება.
“დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, სკვერი, რომელიც გავხსენით, ჩვენი მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცის სიმბოლოა, რომელიც კიდევ უფრო გამყარდება და საფუძვლიანად გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ გვახსოვს, რომ პოლონეთი მუდამ იდგა და დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა სამაგალითოა ბევრი მიმართულებით და ეს ძმური დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ამ სკვერს არაერთი პოლონელი ტურისტი ეწვევა”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ესწრებოდნენ.