ქუთაისში ახლად დამონტაჟებული დეკორატიული ლამპიონი უკვე დააზიანეს.
გალაკტიონ ტაბიძის ახლადრეაბილიტირებულ, ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუხსნელ ქუჩაზე სილამაზისთვის რამდენიმე მწვანე შეფერილობის ლამპიონი დაყენდა.
როგორც ფოტოზე ჩანს ერთ-ერთი ლამპიონი უკვე ვანდალიზმის მსხვერპლია. ჩამოტეხილია ლამპიონის სანათი, ჩამსხვრეულია მინა და გატეხილია ნათურა.
ადგილზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თავიდან ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეო სერვისი“ 1 007 306 ლარად ახორციელებდა. თუმცა მიმდინარე წლის ივნისში, მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და 126 000 ლარით დააჯარიმა. მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ მიზეზი “ჯეო სერვისის” მიერ მისი კონტრაქტორისთვის თანხის გადაუხდელობა იყო. სამუშაოებზე დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად ობიექტი მიატოვეს.
ამის შემდეგ სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდა. ამჯერად ქუჩაზე გზის საფარის მოწყობას შპს „პლადა“ 809 204 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს. სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
ტაბიძის ქუჩაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.