ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება. ეს გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდების დეცენტრალიზაციის მიზნით მიიღო, რომლის აუცილებლობა განსაკუთრებულად პანდემიის პირობებში გამოიკვეთა.
,,ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ერთეულები მოქალაქის სახელმწიფოსთან ურთიერთობის პირველი რგოლია და მოსახლეობა ძირითადად სწორედ მათ მიმართავს. ამასთან, ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური სერვისების მიწოდების დეცენტრალიზაციის მიზნით ხდება მოქალაქეებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, რათა მათი მომსახურეობა მოხდეს ადაპტირებულ, მოწესრიგებულ და ტექნიკურად გამართულ გარემოში. ეს შენობები 2010-2011 წლებში აშენდა და მას შემდეგ არ შეკეთებულა. მოძველდა მათი როგორც გარე იერ-სახე, ასევე ინტერიერი. რაც შეეხება დასახელებულ რიცხვს, ნაცვლად 1 მლნ 600 000 ლარისა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, რემონტისა და ასევე ახლის მშენებლობისთვის იხარჯება 225 000 ლარი. აქვე, კიდევ ერთხელ , არაერთგზის განვმარტავთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიაზე იხარჯება 741 000 ლარი და ყველა ბენეფიციარის თერაპიის კურსი სრულად ფინანსდება მერიის მიერ”-განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, პეტრე ადამაძემ.