ქართველი ასტრონომის, როლან კილაძის სახელი მიენიჭა პლუტონის რელიეფის ერთ-ერთ ნაწილს – ამის შესახებ ინფორმაიას ფეისბუკ ჯგუფში “ასტრონომიის მოყვარულთათვის” ვკითხულობთ.
“8 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (International Astronomical Union) პლუტონის რელიეფის დეტალების 14 ახალი ოფიციალური სახელი გამოაქვეყნა. მათ შორისაა ქართველი ასტრონომის, როლან კილაძის სახელობის კრატერი (Kiladze crater), პლუტონის ფოტომეტრიის, ასტრომეტრიის და დინამიკის ადრეული კვლევებისთვის.” – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
ქართველი ასტრონომი როლან კილაძე 1931 წელს დაიბადა და 2010 წელს გარდაიცვალა.

მან 1966 წელს განსაზღვრა პლუტონის მასა. ჯერ კიდევ 1976 წელს ასტრონომმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პლანეტა პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში, მის გარშემო ჯერ კიდევ არის ნაწილაკთა გროვა და პლუტონის თანამგზავრის ”ქარონის” აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მისი არსებობა. 1986 წელს როლან კილაძემ ჩამოაყალიბა თეორია პლანეტების თანამედროვე ბრუნვის შესახებ, რომლის დადასტურებად 2005 წელს აღმოჩენილი პლუტონის კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი შეიძლება ჩაითვალოს.
როლან კილაძის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი ”წითელი ვარსკვლავები”. როლან კილაძე 1964 წლიდან იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის, 1982 წლიდან კი – ევროპული ასტრონომიული საზოგადოების წევრი.