34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია. უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრებმა კარდიოლოგმა, ნანა გეგეჭკორმა დაწერა.
მისი შეფასებით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულვებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.
“დაიცავით თავი სანამ სიკვდილმა არ მოგაკითხათ. არავინაა სამწუხაროდ დაზღვეული აღმოჩნდეს უმძიმესად დაავადებული რისკის ფაქტორების არ არსებობის პირობებშიც…
ჩვენი ჰოსპიტლის ინტენსიური თერაპიის განყოფილების კოვიდ ნაწილი ისევ აქტიურად იკრებს ძალას. ყურადღებით ჩავყევი პაციენტების ვაქცინაციის პროფილს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.
აცრილ და აუცრელ ადამიანებს შორის გართულებებისა და სიკვდილის რისკი დრამატულად განსხვავდება ვაქცინირებულების სასარგებლოდ.
ვაქცინაცია იცავს სიკვდილისგან!” – წერს ექიმი.