ინდოეთში, ჩატისგარჰის შტატის დედაქალაქ რაიპურში დაბადებულ ტყუპებს კოვიდი და კორონა დაარქვეს. მშობლების თქმით, შერჩეული სახელები მათ კორონავირუსის პანდემიის დროს გამოვლილ სირთულეებს გაახსენებს.
პრიტი ვერმა და მისი ქმარი ვინეი საავადმყოფოსკენ ღამის საათებში დაიძრნენ, როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული კომენდანტის საათის გამო ქუჩებში გადაადგილება იკრძალებოდა. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მათი ავტომანქანა რამდენჯერმე პოლიციამ გააჩერა. ბავშვები ქალის სამშობიაროში მიყვანიდან 45 წუთში, საკეისრო კვეთით გაჩნდნენ,
![ინდოეთში დაბადებულ ტყუპებს მშობლებმა კოვიდი და კორონა დაარქვეს. ფოტო: India Today](https://popx.ge/sites/default/files/inline-images/120719_440686_1585930926_cropped_covid-foto.jpg)
“მშობიარობამ გართულებების ფონზე ჩაიარა. ამიტომ, მე და ჩემს ქმარს გვსურდა, ეს დღე დაუვიწყარი გაგვეხადა. მართალია, ვირუსი სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ მისმა გავრცელებამ ადამიანები სანიტარული, ჰიგიენური და სხვა საჭირო ნორმების დაცვას მიაჩვია. სწორედ ამიტომ, ეს სახელები მოგვაფიქრდა”, – განაცხადა ტყუპების დედამ.
სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელთა თქმით, დედა და ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ. მათ საავადმყოფო უკვე დატოვეს.
COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინდოეთში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაშია ნებადართული. მოცემული დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 ათასს აღწევს, ხოლო გარდაცვლილი 137 ადამიანია.
popx.ge