კომპანია „საქნახშირთან“ წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ტყიბულელი მეშახტეები მეორე დღეა აქციას მართავენ. პროტესტის მიზეზი დაგვიანებული ანაზღაურებაა. დასაქმებულებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანია „საქნახშირმა“ ისინი თანხის გარეშე დატოვა. კომპანია ამის მიზეზად მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, მეშახტეების სახელფასო დავალიანება დაახლოებით 6-7 დღეში დაიფარება.
დღეს მეშახტეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა, რომელიც მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მეშახტეების გვერდით იდგებიან, ვიდრე მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება.
როგორც მეშახტეებმა აცხადებენ ისინი საპროტესტო აქციას ხვალ, 11 საათისთვის მერიის წინ განაახლებენ.
შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების დარიგებას ითხოვენ. გუშინ 25-მდე მეშახტე შახტაში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.