ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მიმართავს რეკომენდაციით, გეგმური მომსახურების გაწევისგან თავი 1-ელ მაისამდე შეიკავონ.
უწყების ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას გულისხმობს, სტომატოლოგიური პროცედურები ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის რეკომენდაციებსაც გასცემს:
„იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია; კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.