„საქნახშირის“ დირექტორის მოადგილის, ბადრი არაბიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო შეჩერებული „საქნახშირი“ მუშაობას, სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან განაახლებს.
როგორც არაბიძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, წარმოება ყველანაირად მზადაა, ხოლო ინფიცირებული თანამშრომლების 98% კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
„პანდემიის გამო 2 კვირით თანამშრომლები დავითხოვეთ. მათ შორის, კორონავირუსი მეც დამიდასტურდა. ინფიცირებული თანამშრომლების 98% კოვიდ სასტუმროებშია გადაყვანილი. ეს ორი კვირა გაივლის და შევხედავთ, როგორი სიტუაცია იქნება. წარმოება ყველანაირად მზადაა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ პირველი დეკემბრიდან შახტაში მუშაობა დაიწყოს. იმ ობიექტებს, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება, ვამუშავებთ, ხალხის მცირერიცხოვანი რაოდენობით – მორიგეები დადიან“, – განაცხადა ბადრი არაბიძემ და აღნიშნა, რომ თვეში ორჯერ ყველა თანამშრომელს გეგმიურ შემოწმებას უტარებენ.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, “საქნახშირს“ მუშაობის შეჩერება მოუწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა, მათგან 144 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელობამ საკარანტინო ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო.