ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სკოლებისა და ბაღების გახსნაზე საუბარი ადრეა.
“სკოლების და ბაღების გახსნისთვის ეპიდსურათი არ არის კეთილსაიმედო, ამდენად, ამას კიდევ უნდა დავაკვირდეთ. ბევრი ქვეყანა სკოლების და ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს დადებითობის მაჩვენებლის საფუძველზე, თუ ეს არის 5%-ზე ნაკლები, ანუ 3% მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვისაუბროთ სკოლების და ბაღების გახსნაზე,”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
სკოლების გახსნაზე კომენტარი მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც გააკთა. მინისტრი ამბობს, რომ დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლების გახსნაზე საუბრის საშუალებას არ იძლევა.
ტიკარაძის განმარტებით, სკოლები და ბაღები მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია და განათლების სამინისტროსთან მუშაობა მიმდინარეობს.
„თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს.
გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი არ გვაძლევ იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან, იქნება ყველა ის საჭირო პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – ამბობს ის.
გაზაფხულის შემდეგ საქართველოს დიდი ქალაქების სკოლებში სწავლა სანახევროდ აღდგა მხოლოდ რამდენიმე კვირით. 4 ნოემბრიდან კი სკოლები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.