კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტი, რომელსაც აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა, შესაძლებელია დარჩეს თვითიზოლაციაში და კარანტინში მისი გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში და არა – კარანტინში.
მინისტრის მოადგილის თქმით, არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირებული პირის კონტაქტი თვითიზოლაციაში გადადის.
„არჩილ თალაკვაძის შემთხვევა უბრალოდ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არის ბევრი შემთხვევა, როდესაც კონტაქტი გადადის თვითიზოლაციაში. ჩვენ ვთავაზობთ კონტაქტებს გადავიდნენ საკარანტინე სივრცეში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის პირობები. ეს არის მექანიზმი.
ნებისმიერ ჩვენგანს, რომელიც იქნება ხვალ კონტაქტი და დასჭირდება თვითიზოლაცია, თუ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა და ამას დაადასტურებს საგანგებო მართვის სამსახური, ეს ადამიანი, იქნება არჩილ თალაკვაძე, თამარ გაბუნია თუ სხვა, გადავა თვითიზოლაციაში და არა -კარანტინში”,- განცხადა თამარ გაბუნიამ.
ამასთან, მისივე თქმით, მიზანშეწონილია, რომ მაღალი რისკის ქვეყნიდან ჩამოსული პირი კარანტინში გადავიდეს.
„სამწუხაროდ, ჩვენ სავალალო გამოცდილება დაგვიგროვდა, როდესაც მოქალაქეები არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება, რომ თვითიზოლაციის პირობა ჰქონდეს მოქალაქეს. ეს დაზოგავდა სერიოზულ რესურსსაც და იქნებოდა ნაკლებად სტრესული, მაგრამ დღეს ამისი დაცვის გარანტიები არ არის”,- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.