ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში კომაში ჩავარდა, ინექციის შემდეგ tv9news.ge-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ვაქცინაცია აუცილებელი იყო.
კლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს. მოგვიანებით კი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მომხდარის შესახებ არ საუბრობენ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ზედგინიძემ კი ჯანდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა. სამინისტროში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
AstraZeneca-ს ჯგუფის ვაქცინების გამოყენება დროებით შეაჩერეს ისეთმა ქვეყნებმა როგორებიცაა, ავსტრია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ლატვია, იტალია, დანია, ნორვეგია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს AstraZeneca-ს რაიმე კავშირს გართულებებთან და ამ სავარაუდო ინფორმაციას არც ჯანმო ადასტურებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია AstraZeneca-ს უსაფრთხო ვაქცინად მიიჩნევს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა მსოფლიოში 17 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.
tv9news.ge