“მსგავსი დანაშაული და დამნაშავე საშიშია არა მხოლოდ ცხოველებისთვის, არამედ ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის” – ქუთაისში ძაღლის ჩამოხრჩობის ფაქტს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის “თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა” დამფუძნებელი გიგიშა პატარიძე ფეისბუკზე ეხმაურება
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ახლახანს მივიღე / ვნახე ეს ვიდეო
ჩემი ყოფილი სტუდენტი შეესწრო ამ სისასტიკეს, უფრო სწორად აღმოაჩინა ეს უბედური.
კვლავ, ვიმეორებთ, სამოქალაქო პოლიტიკური მოძრაობა – #თავისუფალიარჩევანი ამუშავებს სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას, იმისათვის, რომ #არჩევნები2020 შემდეგ საპარლამენტო ინიციატივით შევიდეთ და
1. გამკაცრდეს საქართველოს ადმინისტრაციული და რაც მთავარია სისხლის სამართლის კოდექსები (2019 მაისში მიღებულია სსკ 259 მუხლში, რაც ვთვლით საკმარისი არ არის) და
2. მიღებულ იქნას დამოუკიდებელი კანონქვემდებარე აქტი შინაური ცხოველებისა და მცენარეთა კონსერვაციის და დაცვის შესახებ.
ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ როგორც თემატურ სემინარებს, ასევე საჯარო განხილვებს, სადაც წარმოვადგენთ ორივე ინიციატივის პროექტს, შეიქმნება პეტიცია საქართველოს პარლამენტის სახელზე, რომელზეც თითოეული ხელმოწერა მნიშვნელოვანია და თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, (ონლაინ ხელმოწერა).
მანამდე, გთხოვთ, გამოვიჩინოთ ყურადღება და ყოველი მსგავსი ფაქტის გამოვლენისას მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ვალდებულია აღძრას საქმე!.
მსგავსი დანაშაული და დამნაშავე საშიშია არა მხოლოდ ცხოველებისთვის, არამედ ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის, ვინაიდან ქვეცნობიერად და რიგ შემთხვევებში ცნობიერად ასეთი ადამიანები “ვარჯიშობენ” მათზე სუსტ არსებებზე, დაუსჯელობის იმედით, და ყოველი ასეთი დამნაშავე, პოტენციური მანიაკი და ადამიანის მკლელია, რადგან დარღვეული აქვს ფსიქიკა. ეს გარეგნულად შეიძლება არც ჩანდეს, მაგრამ ასეა…
დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, ჩვენი საზოგადოების სულიერი მდგომარეობა და გავამკაცროდ კანონმდებლობა! – წერს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის “თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა” დამფუძნებელი გიგიშა პატარიძე.