რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულმა თორნიკე თოშხუამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.
ციხიდან გამოგზავნილ საჯარო წერილში თორნიკე თოშხუა აცხადებს, რომ გამოძიების მიერ პროკურატურისთვის გადაცემული საქმე არ შეიცავს ინფორმაციას მტკიცებულებების შესახებ.
მისივე თქმით, აშკარაა პოლიტიკურად მოტივირებული აქტორის მიერ საქმის გარშემო არსებული მტკიცებულებების სუბიექტურად და ცალმხრივად მოპოვების მცდელობა.
თორნიკე თოშხუა მიიჩნევს, რომ პროკურატურამ გამოკითხვაზე დამატებით უნდა დაიბაროს ბექა გოცირიძე.
„გამარჯვება რუსთაველის საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს და ამ ბრძოლის გულშემატკივრებს.
მუდმივად მაოცებდა ციხეში მყოფი ჩვენიანების შემართება, შეუპოვრობა და სიმტკიცე. აქ ვეფხია და ონისე გავიცანი და ყველაფერი ცხადია, ამ ბიჭების ნება თავისუფლებისადმი მხოლოდ სიტყვებად და სურვილებად არ რჩება, აქაც კი მათი ყოველი მოქმედება გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯებია
ბოლომდე – ნიშნავს ბოლომდეს! ეს ბრძოლა ქუჩაშია მოსაგები. საარჩევნო ბიულეტენების თვლით რეჟიმები არ მარცხდებიან.
როდესაც დასაკავებლად მომაკითხეს დავრწმუნდი, რომ სისტემა აპირებდა პრევენციულად დაეცვა თავისი ვირთხა სხვა მსგავსი ვირთხებისათვის იმუნიტეტის მოსაპოვებლად. პასუხად ჩემი თავდაცვითი ინსტინქტი იყო ავტომატურად შიმშილობის დაწყება და პროტესტის ამ ფორმიდან დაკვირვება მოვლენების შემდგომი განვითარებისათვის. მე-12 დღეა მხოლოდ წყალს ვიღებ.
თითქოს ახალი ტიპის პანდემიაა ქვეყანაში: ის “ქართველი ვაჟკაცები”, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით იბრალებენ, რომ ისინი არიან ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დამცველები, უეცრად აცხადებენ, რომ ტკივილი განიცადეს, შემდეგ სლუკუნით გარბიან პატრონთან მფარველობისთვის, მათი მზრუნველობის გავლენიანი ხელი რომ დაეფაროთ და პასუხისგებას თავი აარიდონ.
საოცარია, რომ გამოძიების მიერ პროკურორისთვის გადაცემული საქმე არ შეიცავს ინფორმაციას ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შესახებ, როგორიც დანაა. შესაბამისად თაბუკაშვილი ქუჩაზე მდებარე ნომერ მეშვიდე განყოფილების გამომძიებლებმა გამოკითხვაზე დამატებით უნდა დაიბარონ ბექა გოცირიძე და დაუსვან შეკითხვა: 31 ივლისის ღამეს რუსთაველის გამზირზე მისვლის შემდეგ ხომ არ დაკარგა დანა?
ზემოაღნიშნულ შეკითხვაზე უარის შემთხვევაში ჩატარდეს N მიღება-ჩაბარების აქტით და N ლუქის ნომრით პოლიციისთვის გადაცემულ დანაზე ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის, ბიოლოგიური ნიმუშების ექსპერტიზა.
ამ ეტაპზე აშკარაა პოლიტიკურად მოტივირებული აქტორის მიერ საქმის გარშემო არსებული მტკიცებულებების სუბიექტურად და ცალმხრივად მოპოვების მცდელობა.
და მთავარი – დასადგენია მოტივი ის თუ რა განზრახვით მივიდა თბილისის მერიის ბალანსზე პროპაგანდისტულ საშუალებად აღრიცხული აქტივი – ბექა გოცირიძე რუსთაველზე მშვიდობიანად შეკრებილ ხალხთან. თვეში რამდენი ლარი ხელფასის სანაცვლოდ დაახურდავე სამშობლო ბექა?!
თავისუფლება ისე არ მოდის…” – წერს თორნიკე თოშხუა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს – თორნიკე თოშხუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა, პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირები – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









