ზესტაფონში როდინაული – ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, როდინაული – ობჩის 5 კმ – იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 3 მილიონი ლარით არის დაფინანსებული და პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
მიმდინარე პროექტის შესახებ, ადგილობრივ მოსახლეობას, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2 მუნიციპალიტეტს, ზესტაფონს და ბაღდადს დააკავშირებს ერთმანეთთან. აღნიშნულ დასახლებაში ათეულობით წლებია მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. როდინაული – ობჩის საავტომობილო გზა არის აგრეთვე ზესტაფონი – ქუთაისის ავტომაგისტრალის ალტერნატიული გზის მონაკვეთი. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 3000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.
პროექტის მიხედვით, გზის ზედაპირზე 18 სმ. სისქის არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული „C & K ტექნოლოგი“ ასრულებს.