ქუთაისის ეტალონი მოსწავლე 75 ქულით პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მებუკე გახდა. ის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
“დღევანდელი დღე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ერთ-ერთი გამორჩეული, რა თქმა უნდა. ყველას თანაბარ კონკურენტად მივიჩნევდი, რადგან ყველაზე ღირსეული მონაწილეები წარმოადგენდნენ საკუთარ სკოლებს. ჩემი გამარჯვება, პირველ რიგში აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის დირექტორის – ქალბატონ სალომე სარალიძის ,სასწავლო ნაწილის ფატი არველაძისა და კლასის დამრიგებლის ინეზა ხაჭაპურიძის დამსახურებაა. შემდეგი ეტაპი 2020 წლის “საქართველოს ეტალონის” გამოვლენაა, სადაც ჩემს ქალაქს წარვადგენ და იმედია წარმატებით ვიასპარეზებ, ამისათვის არ დავიშურებ ენერგიას.” – ამბობს მარიამ მებუკე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
როგორც ქუთაისის ეტალონი მოსწავლე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს კონკურსის პირველი ეტაპი შიდა სასკოლო შერჩევა იყო, სადა ერთ-ერთ მოსწავლედ აირჩიეს, რომელსაც 1-ლი სკოლის სახელით უნდა ეასპარეზა “ეტალონში”.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის, „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი, 2018-2019 სასწავლო წლის „ქუთაისის ეტალონი მოსწავლის“ მარიამ სირბილაძის მშობლიურ ქუთაისის N12 საჯარო სკოლას გადასცა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარეობდა და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებას ქალაქ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.
სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში იმართება. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს, ფინალური სასწავლო წლის ბოლოს, ივნისში იმართება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.