ევროპის მასშტაბით ქართული კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელსაც ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობით იტალიის პოლიცია ხელმძღვანელობდა.
რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში, გამოავლინეს და დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე – 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში – 1, ბელგიაში 1 და სლოვენიაში – 1.
იმავე დღეს ქართული კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა საფრანგეთშიც სახელწოდებით – BRATVA-35, რომლის ფარგლებში საფრანგეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს და ფრანგი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი და დაკავებულია საქართელოს 17 მოქალაქე, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი.
დაკავებულთა ვინაობები ამ დრომდე არ ხმაურდება, თუმცა „პრაიმტაიმმა“ რამდენიმე მათგანის დადგენა მაინც მოახერხა.
ჩვენი ინფორმაციით საფრანგეთში დაკავებული „კანონიერი ქურდი“ 58 წლის კახაბერ ალიშიბაია გახლავთ (ფოტოზე ნაჩვენები პირი). მას კრიმინალურ წრეებში „კახა ზუგდიდსკის“ სახელით იცნობენ.
ის „კანონიერი ქურდის“ სტატუსით მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჯერ კიდევ 1993 წელს „დააგვირგვინეს“. კრიმინალური კარიერის განმავლობაში ალშიბაია 4-ჯერ აროს ნასამართლევი, მათ შორის ბოლოს 2015 წელს საფრანგეთში გაასამართლეს, თუმცა მაშინ საპატიმროდან თავის დაღწევა მოახერხა.
სპეცოპერაციის ფარგლებში ასევე დაკავებულია ზუგდიდელი კრიმინალური „ავტორიტეტი“ გიორგი ბიგვავა, ქუთაისელი ოთარ გიგიაძე და თბილისელი შალვა კიკნაძე.
დაკავებულთა შორისაა იტალიის ქალაქ ბოლონიაში მდებარე ქართული რესტორნის მეპატრონე კონსტანტინე მიროტაძეც. ჩვენი ინფორმაციით, ის პირადად უწევდა კოორდინაციას იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ დანაშაულებრივ ქსელს.
ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეები, იტალიური საპოლიციო ძალებისათვის კვალის არევის მიზნით, აქტიურად იყენებდნენ გაყალბებულ მონაცემებსა და დოკუმენტაციას. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საქართველოს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჩართულობით მოხდა ყველა პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც ხსენებულ დანაშაულებში მონაწილეობდნენ.
იტალიის სახელმწიფო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერს დანაშაულებრივი დაჯგუფების გამოვლენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სახელმწიფო პოლიცია ავრცელებს.
„საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მუშაობისა და საქართველოს მეკავშირე ოფიცრის ჩართულობის წყალობით, შესაძლებელი გახდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება“, – ნათქვამია იტალიის სახელმწიფო პოლიციის განცხადებაში.