“ელიავა რეგიონული მოლი” დედაქალაქის მერიის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, თითქოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, მერიასა და ტერიტორიის მესაკუთრეებს შორის შეთანხმება შედგა.
მათი განცხადებით კომპანია, რომელიც მთლიანი ტერიტორიის 50%-ს ფლობს, მსგავსი მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებული არ არის და არსებობს მთელი რიგი საკითხები, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
“ჩვენი კომპანია ბოლო 10 წლის განმავლობაში ცდილობს ტერიტორიის რევიტალიზაციას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სავაჭრო სივრცედ გარდაქმნას. ამის დასტურია ჩვენს მიერ აშენებული 10 000 კვ. მ-ზე მეტი თანამედროვე სავაჭრო ტიპის შენობები. თუმცა, 2016 წლიდან ჩვენს მიერ შემუშავებული გენგეგმისა და მერიაში წარდგენილი არაერთი პროექტის დამტკიცება გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ ხერხდება.
ჩვენი კომპანიის სტრატეგიული მიზანია ჩვენს ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეების ინტერესების დაცვა და მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მზაობა იმისა, რომ ქალაქს შევთავაზოთ პროექტი რომელიც მოიცავს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს და წვლილს შეიტანს დედაქალაქის იერსახის გაჯანსაღებისა და გალამაზების პროცესში.
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ვფიქრობთ, რომ სწორი კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ისეთი გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადეს “ელიავა რეგიონული მოლის” წარმომადგენლებმა.