დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის მიერ COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიმართებით გაცემული რეკომენდაციების დიდი დოზით გათვალისწინება მოხდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამირან გამყრელიძემ განუცხადა, რითაც მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვირუსის პრევენციისთვის შესაბამისი რეკომენდაცია ორივე მათგანს გააცნო.
„როგორ შეიძლება, მთავრობის და ეკლესიის პოზიციას მაფასებინებთ, ხომ?!… ამ ერთი თვის განმავლობაში საპატრიარქოში სამჯერ ვიყავი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა თავისი რეკომენდაციები მისცა მთავრობას და ეკლესიას. დანარჩენი კი უკვე მთავრობის და ეკლესიის გადასაწყვეტია. რეკომენდაციების გათვალისწინება დიდი დოზით მოხდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი, დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.