თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის განცხადებით, ხშირია, როდესაც კლინიკაში შემოსული პაციენტის მდგომარეობა მალე იცვლება (მძიმდება) და მკურნალობის სხვა მეთოდიკა სჭირდება. ამის შესახებ ინფექციონისტმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მალე იცვლება და მკურნალობის სხვა მეთოდები სჭირდება. კლინიკაში ახლა 7-8 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა“, – აღნიშნა ნაფეტვარიძემ.
მისივე თქმით, კლინიკიდან გაწერილ პაციენტებზე მეთვალყურეობა მაინც მიმდინარეობს.
„გაწერის შემდეგ პაციენტებს ვაკვირდებით, გვაქვს მათთან განსაკუთრებული კომუნიკაცია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენგან გაწერილი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ინფექციონისტმა.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 111 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.