“საგამოცდო ცენტრებისა და ტესტირების ზუსტი თარიღების სანახავად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://vet.emis.ge/, გაიაროს ავტორიზაცია და შეამოწმოს განახლებული საგამოცდო ბარათი.ì
დღეს ტესტირების მიმდინარეობას რუსთავის ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნენ.
პროფესიულ პროგრამებზე მისაღები ტესტირება კომპიუტერით ტარდება.
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში:
ზოგადი უნარები – 50 ქულა (2 საათი);
ბიოლოგია – 30 ქულა (1.5 საათი);
ქიმია – 30 ქულა (1.5 საათი).
გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 15% – ზე მეტს დააგროვებს.
საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად ტესტირება ტარდება მხოლოდ ზოგად უნარებში.
ტესტის მაქსიმალური ქულაა 50, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი 2 საათი.
ტესტირება ემსახურება პროფესიული დაწესებულებების ხელშეწყობას, რათა დაწესებულებამ ტესტირების შედეგად გამოვლენილი საუკეთესო აპლიკანტები შეარჩიოს.
5 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა საცდელი ტესტირებაც.
სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახლიდან გაუსვლელად გაცნობოდნენ პროგრამის მოხმარების თავისებურებებს და ტესტური დავალების ნიმუშებს.
ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით 52 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.