განათლება არის ჩვენთვის ფუნდამენტური. უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, რომ სადაც არის ტექნიკური საშუალება, გადავიდეთ ონლაინ სწავლებებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვისაა აუცილებელი.
ამასთან მისივე განმარტებით, ვირუსის გამო, დროებით შეწყვეტილია სწავლა, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში, სადაც ინტენსიური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობს.
ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებსაც მიმართა და სთხოვა, თუ არ აქვთ გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის მაღალი შემთხვევებია გამოვლენილი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.