“ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული თუ რა პროექტის ავტორი იყო ნიკა და ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის სტარტაპის პრეზენტაცია იგეგმებოდა მკვლელობის მომდევნო დღეს” – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის სხვა ვერსიაზე წერს სოციალურ ქსელში ავთო გოგიჩაიშვილი.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“პირდაპირ, შესავლის გარეშე გეტყვით, რომ არ მჯერა მე ვერსიის, თითქოს ეს მამის მკვლელობის გამო შურისძიებაა. ეს ვერსია შეიძლება ბევრს აწყობს და პირველ რიგში დღევანდელ, სამშობლოს მოღალატე და რუსეთის სპეცსამსახურებთან მოკურკურე ხელისუფლებას და სულაც რუსეთში მოფიქრებული და ორგანიზებული მგონია ეს ამბავი. რაღა ოცი წლის შემდეგ გაახსენდათ კაკულიას შვილებს, რომ გია კვარაცხელიას შვილი ყავდა?
მერე რომელ გაგებაში წერია მამის საქციელის გამო შვილის მოკვლა? ისიც სავარაუდო საქციელის, ბოლომდე დაუმტკიცებელის და დაუდგენელის?
ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლებოდა მომხდარიყო კოლუმბიაში ან პუერტო რიკოში, მაგრამ არა საქართველოში და მით უმეტეს იმ გაგების ხალხში, რომლებსაც მიაწერენ ამ დანაშაულის ჩადენის მოტივაციას, მენტალიტეტია უბრალოდ სხვა, ქართველი ამას არც გაივლებდა თავში და არც ჩაიდენდა. უბრალოდ ამ მკვლელობის შემკვეთნი და დამგეგმავნი ცუდად გვიცნობენ, არ ესმით, რომ ჩვენ სხვა მენტალობის ხალხი ვართ და არა სტეპების ურდოს შთამომავლები.
ჩვენ ბოლომდე არ გვაქვს გააზრებული თუ რა პროექტის ავტორი იყო ნიკა და ჩვენი ქვეყნისთვის რა მნიშვნელობის სტარტაპის პრეზენტაცია იგეგმებოდა მკვლელობის მომდევნო დღეს. ნიკა წარმოებაში უშვებდა ალტერნატიულ “ფეისბუქს”. ამით ჩვენ იმ მოწინავე მაღალტექნოლოგიური ერების რიგში ვდგებოდით, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში.
პატარა ესტონეთი დღეს პირველ რიგში ცნობილია, როგორც “სკაიპის” სამშობლო. სულ 2 მილიონი მოსახლეობით ეს ქვეყანა თავისი ინტელექტუალური განვითარებითა და მნიშვნელობით ბევრ ასმილიონიან ქვეყანაზე წინ დგას, რაც მხოლოდ ამ პროექტის რეალიზებით გახდა შესაძლებელი. ის თანამედროვე ტექნოლოგიური ჰაბია მსოფლიოში ყველა აქედან გამომდინარე შედეგებით. ნიკას პროექტი შეიძლება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გამხდარიყო, ის წარმოუდგენელი ცივილიზაციური ნახტომი იქნებოდა საქართველოსთვის.
ახლა ვიფიქროთ ვის არ აწყობდა ეს და დასკვნები თავისთავად მოვა.
მე არ ვამტკიცებ, რომ უშუალო შემსრულებლები არ იყვნენ ისინი, ვისაც პოლიცია ეძებს, მაგრამ მოტივაცია და დამკვეთი სულ სხვაა, ვიდრე ის, რასაც გვჩრიან და თან ასე “თათარიახნად”, მეორე დღესვე, რაც არ ჩვევიათ ხოლმე.” – წერს სოციალურ ქსელში ავთო გოგიჩაიშვილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.
“საბრალო ნიკა კვარაცხელიას შესახებ თითქმის ყველაფერს ვკითხულობ და მიკვირს, ჯერ ვერსად ვნახე, მკვლელობის ვერსიად რომ განიხილავდნენ სავარაუდო პროექტს, რომელიც ვიღაცას არ აწყობდა. იმის თქმა მინდა, იქნებ იმ უნიჭიერესმა ბიჭმა ისეთი პროექტი შექმნა, რომელიც ჯერ არ გამოსულა სააშკარაოზე და უკვე ვიღაცას, ან ვიღაცეებს ძალიან აზარალებდა?! მამამისზე ანგარიშსწორების მიზნით მკვლელობა სულ ბოლოს მოსატოვებელი ვერსია მგონია.” – წერს სოციალურ ქსელში ეკატერინე ლომიძე.
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა 15 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა, თუმცა ბრალდებულები ჯერ არ დაუაკვებიათ. როგორც ცნობილია მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო შეიარაღებული თავდასხმიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა წლების წინ მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა აკო ჭელიძესა და გიორგი კავიდლაძეს დაუკვეთეს.
ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავიდლაძეს მკვლელობის სანაცვლოდ ქურდობას დაპირდნენ.