პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგი შეხვედრა, ჯერჯერობით, ჩანიშნული არაა.
თუმცა, როგორც ელისაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუხადა, შესაძლოა, “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრა, ფასილიტატორი ელჩების დახმარებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მეხუთე რაუნდის ფორმატშიც შედგეს.
„ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა ჩანიშნული ნამდვილად არაა. არ ვიცით, როდის იქნება. თუმცა, გარკვეულ გარემოებისა და მოვლენების განვითარებას ველოდებით. ასევე, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ელჩებთან. რაღაც საკითხებს გავდივართ. ზუსტად როდის იქნება შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“, არ ვიცით, ან შეიძლება მეხუთე რაუნდიც იყოს. არ ვიცით. კონკრეტულად არაფერი ვიცით. ჩვენ გადაწყვეტილებამდე მისულები ვართ და ველოდებით მოვლენების განვითარებას. შეიძლება იყოს მეხუთე რაუნდი. თუ მეხუთე რაუნდი იქნება, ჩვენც გვირჩევნია, რომ საერთო ფორმატში იყოს შეხვედრა და არა ჩვენსა და „ოცნებას“ შორის. საელჩოებთან გვაქვს კომუნიკაცია, ჯერჯერობით, რაიმე რომ იყოს გადაწყვტილი, ასე არაა. ელჩები ყოველთვის იყვნენ მზად, ვინ ამბობდა ან ამბობს უარს ამ შეხვედრაზე, არ ვიცი. თუ გამოვა მეხუთე რაუნდი, კარგი იქნება, თუ არადა ამის შემდეგ მივიღებთ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალური კომუნიკაციის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, კვირაზე მეტია არც „გირჩთან“ და არც სხვა პარტიებთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
“ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ და ჩვენ ჩვენი გდაწყვეტილება გვაქვს. დავასრულეთ ოოზიციასთან კინკლაობაცა და მოლაპარაკებაც. თუ ვინმეს რაიმე უნდა, ჩვენი ოფისში ცნობილია, მოვიდეს და გველაპარაკოს. წინასწარ არ მინდა საუბარი რა იქნება ხვალ, იმედი მაქვს, რომ წარმატებით დაგვირგვინდება ყველაფერი. ჩვენთვის არის საკითხები, რომელიც პრიორიტეტულია და ხმამაღლა გვისაუბრია. ჩვენ ვერ დავთმობთ ვერაფერს. პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული საკითხი და ამ სიტყვას არ გადავალთ, შემდეგ საარჩევნო რეფორმა. მოკლედ, ვიცი, რომ ელჩები ცდილობენ ეს შეხვედრა გაიმართოს”,- განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი 22 იანვარს პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.