საბავშვო ბაღებში, 4 წლის ბავშვები საგზაო მოძრაობის წესებს ისწავლიან. ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ბიზნეს პალიტრაში“ საუბრობს.
მისი თქმით, საბავშვო ბაღების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, ელემენტარული საგზაო მოძრაობის დაცვის წესები, როგორც ქვეითის, ისე მძღოლის პერსპექტივიდან, რათა სამომავლოდ არ შეიქმნას მთელი რიგი პრობლემები, სატრანსპორტო სფეროსთან და საზოგადოების ცნობიერებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შევხვდით ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს, კომისიის თავმჯდომარეებს და ფსიქოლოგებთან ერთად, შევქმენით ის ტრენინგ მასალები, რომელთა მიხედვითაც მოხდება ბაღის პედაგოგთა გადამზადება. აუცილებელია, რომ ტრენინგები ჩაუტარდეს ბაღის პედაგოგებს, რადგან ბავშვებს სწორი და ზუსტი ინფორმაცია ასწავლონ. ევროკავშირში ეს უკვე ყველგან დანერგილი და სავალდებულოა.
ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, პროგრამა მარტიდან ამოქმედდება და ამ საშვილიშვილო საქმის მეშვეობით, ბავშვები ჯერ ისწავლიან უსაფრთხოების დაცვის წესებს, შემდგომ კი გაიზრდებიან სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანები. შედეგად კი, ის პრობლემები ქვეყანაში აღარ იქნება, რაც დღეს ასე ფართოდაა გამოხატული სატრანსპორტო სფეროში.