აშშ-ში, კომპანია Apple-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს და ის მომხმარებლების კიბოს რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულეს. სარჩელში აღნიშნულია, რომ ტექნიკური გიგანტის საათების ღვედები მაღალი დონის ტოქსიკურ – “მუდმივ ქიმიკატებს” შეიცავს. ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ პერფტორალკილი და პოლიფტორალკილის ნივთიერებები (PFAS) არის ქიმიკატები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ქსოვილების, ტაფებისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.
ისინი არ იშლება სხეულში ან გარემოში, აქედან გამომდინარე, მეტსახელად “მუდმივ ქიმიკატებს” უწოდებენ და დაკავშირებულია თანდაყოლილ დეფექტებთან, პროსტატის, თირკმელებისა და სათესლე ჯირკვლის კიბოს გაზრდილ რისკთან და ნაყოფიერების პრობლემებთან.
სარჩელი ეყრდნობა ბოლოდროინდელ კვლევას, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს აშშ-ში სხვადასხვა ბრენდისგან შეძენილი საათების ღვედები. კვლევით დადგინდა, რომ 15 მათგანი შეიცავდა “მუდმივ ქიმიკატებს”, რომელთაგან ზოგიერთი დამზადებულია ტექნიკური გიგანტის – Apple Watch Nike-ის მიერ.
სარჩელი, რომელიც კალიფორნიის ჩრდილოეთ რაიონში შეიტანეს, კონკრეტულად ამტკიცებს, რომ Sport Band, Ocean Band და Nike Sport Band საათის ღვედები, რომლებიც Nike-ის ბრენდის Apple Watch-ს მოჰყვება, მაღალი დონის “მუდმივ ქიმიკატებს” შეიცავს.
მოსარჩელეთა მთავარი არგუმენტი არის ის, რომ Apple-მა შეგნებულად და განზრახ არ აცნობა მომხმარებლებს, თუ რომელი პროდუქტი შეიცავდა მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, მიუხედავად იმისა, რომ Apple Watch-ი იყიდება, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი მოწყობილობა.