17 სექტემბერს, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) და “CRRC–საქართველო” მედიას 2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ, – ამის შესახებ NDI- დან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ეკონომიკასთან, ჯანდაცვასთან, ქალების პოლიტიკურ მონაწილეობასთან და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს (ხუთშაბათს) გამოქვეყნდება.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს “CRRC-საქართველო”.