აქტივისტებმა ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან, მინდორზე, მასშტაბური წარწერა – Megobari act [მეგობარი აქტი] გამოსახეს.
380 მეტრი სიგრძის გეოგლიფის [გამოსახულება მიწაზე] მიზანია შეახსენოს ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოსთვის „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობა, რომელიც სენატში კენჭისყრას ელოდება.
“380 მეტრი სიგრძის გეოგლიფია. წარმოუდგენლად დიდი ფიზიკური შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. ადგილის პოვნა, ხელით აზომვა, თოკების გაჭიმვა, მიწის დამუშავება. თან ეს ყველაფერი ტექნიკის გარეშე და მხოლოდ ორი ადამიანის შრომით.
პირველ და მეორე დღეს ბარით კეთდებოდა ეს ყველაფერი. როსტო იმდენად დაიღალა, ფეხები ეკეცებოდა. რამე საშუალება არ არსებობს, შრომა რომ შეგიმსუბუქდეს-მეთქი ვკითხე ერთხელ… მერე რაც მოხდა იმას სხვა დროს მოგიყვებით, ახლა ამ ფოტოებით დატკბით”, – წერს აქტივისტი.
კანონპროექტი კონგრესმენ ჯო უილსონის მიერაა მომზადებული. „მეგობარი აქტი“ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, ამავდროულად მხარს უჭერს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
აქტის სახელი MEGOBARI სიმბოლურია და ითარგმნება, როგორც ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის ასამაღლებლად, საქართველოს შესაძლებლობების მობილიზება და გაძლიერების აქტი (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).
ანაკლიაში შექმნილი Megobari act-ის წარწერა, როგორც ავტორები ამბობენ, ერთგვარი გზავნილია ქვეყნის გარეთ, რომ მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდისა, ქართველებს სურთ ურთიერთობის შენარჩუნება დასავლელ პარტნიორებთან და ელოდებიან საერთაშორისო მხარდაჭერას.










