“სამართლიანი არჩევნები” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ახალ დარღვევებზე საუბრობს – ISFED-მა დაადგინა, რომ არჩევნების დღეს, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა მამაკაცმა მისცა ხმა, ვიდრე ერთიან სიაში იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ერთმანეთს შეადარა და რიცხვებში უზარმაზარი შეუსაბამობა აღმოაჩინა. მაგალითად ბორჯომის მე-11 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული 514 კაციდან ხმის მისაცემად 599 მივიდა.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია ყურადღებას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გენდერულ ნაწილზე ამახვილებდა და ამბობს, რომ 23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე სიაში იყო რეგისტრირებული.
როგორ მიიღო ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მონაწილეობა იმაზე მეტმა ამომრჩეველმა, ვიდრე ერთიან სიაში იყო – “პირველების” რედაქციამ ეს კითხვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერს რამდენიმე საათის წინ დაუსვა.
ნათია იოსელიანმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის უთხრა, რომ ISFED-ის განცხადებაზე “პასუხი აუცილებლად” იქნება.
მოვისმინეთ შესაბამისი ორგანიზაციის განცხადება და აუცილებლად დღის განმავლობაში ვუპასუხებთ დეტალურად. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარალელურად ძალიან ბევრი შეხვედრა მიმდინარეობს, სხვადასხვა ღონისძიება, შესაბამისად არ დავტოვებთ უპასუხოდ, პასუხი იქნება. მე არ მითქვამს რომ პასუხი არ არსებობს, იქნება დეტალური პასუხი იქნება”- აცხადებენ ცესკოში.