“Google” 2029 წლისთვის კვანტური კომპიუტერის შექმნას გეგმავს.
ამერიკული კომპანიის მთავარი მიზანი დეკადის დასასრულისთვის ისეთი მაღალგანვითარებული მოწყობილობის აგებაა, რომელიც ურთულეს გამოთვლებს შეცდომის გარეშე აწარმოებს.
“Google”-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი ტექნოლოგიის შემუშავებას ამ ათწლეულის განმავლობაში მილიარდობით დოლარი მოხმარდება.
კვანტურ კომპიუტერს დიდი რაოდენობით ინფორმაციის გადამუშავება და კომპლექსური დავალებების შესრულება უმოკლეს დროში შეუძლია. შესაბამისად, იმედოვნებენ, რომ მას თანამედროვე მსოფლიოში არსებული პრობლემების გადასაჭრელად გამოვიყენებთ. მაგალითად, სიმულაციებზე დაკვირვების გზით კლიმატის ცვლილებასთან და საკვების დეფიციტთან ბრძოლის ხერხებს მოვძებნით, ასევე, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო სასუქს, გაუმჯობესებულ ელემენტებსა და ეფექტიან, უსაფრთხო მედიკამენტებს შევქმნით, რაც სტანდარტული კომპიუტერების გამოყენებით ფაქტობრივად შეუძლებელია.
მოწყობილობის ასაგებად სპეციალისტები 1 მილიონი ფიზიკური კუბიტის, ანუ კვანტური ბიტის გაერთიანებას აპირებენ, როცა მსგავსი სისტემები ამჟამად მხოლოდ 50 ან მეტ კუბიტზე მუშაობენ.
რასაკვირველია ამ მიზნის მიღწევა დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. აღნიშნული ინფორმაციული ერთეულების ფუნქციონირებისას ყველანაირი უზუსტობა უნდა გამოირიცხოს, შემდეგ კი ათასი ფიზიკური კუბიტის დაკავშირებით ერთი ლოგიკური კუბიტი შეიქმნას. ეს მსოფლიოში პირველი კვანტური ტრანზისტორი იქნება.