აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრაზილიაში განვითარებული მოვლენები დაგმო და პრეზიდენტ ლულა და სილვას მხარდაჭერა გამოუცხადა .
„ვგმობთ ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, კონგრესსა და უზენაეს სასამართლოზე თავდასხმას. დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის ძალადობის გამოყენება ყოველთვის მიუღებელია. ვუერთდებით ლუის ინასიო ლულა და სილვას ამ ქმედებების დაუყოვნებლის შეწყვეტის მოწოდებებში“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე.
ბრაზილიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი.
„აშშ გმობს ბრაზილიაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ნებისმიერ მცდელობებს. პრეზიდენტი ბაიდენი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, ბრაზილიის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან ურყევია. ძალადობა ბრაზილიის დემოკრატიას ვერ შეარყევს“, – განაცხადა სალივანმა.
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მომხრე დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდა . ისინი ნაციონალური კონგრესისა და ფედერალური სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ, მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს.