7 იანვარს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ეპიფანე, კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულზე ღვთისმსახურებას აღავლენს.
აქამდე, კიევ-პეჩერის ლავრაში წირვას მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასულიერო პირები ატარებდნენ.
2 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ლავრის მიძინების ტაძარი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში მონასტრად დარეგისტრირდა.
“შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ მორწმუნეებს და საზოგადოებას ვაცნობთ, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი და წმინდა არქიმანდრიტი კიევ-პეჩერის ლავრაში. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე, 2023 წლის 7 იანვარს, კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში” ნათქვამია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინამ კიევ-პეჩერის ლავრის, რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ყოფნის კანონიერების შესწავლა დაიწყო. ნოემბერში უშიშროების სამსახურმა ლავრა გაჩხრიკა და აღმოაჩინა პრორუსული პროპაგანდისტული ლიტერატურა, ასევე რუსული რუბლები.
გასული წლის 1-ელ დეკემბერს კი პერსონალური სანქციები დაუწესდა რუსეთის გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სანქცირებულთა შორის იყო კიევ პეჩერის ლავრის წინამძღოლიც.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინიციატივით, მინისტრთა კაბინეტს დაევალა მოამზადოს და წარუდგინოს რადას, უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიისა და სასულიერო პირების საქმიანობის აკრძალვის კანონპროექტი.