სოფელ დიღომში სისხლიანი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.
მოკლულია ავტო ხელოსანი, მისი დამხმარე კი დაჭრილი. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სავარაუდო ბრალდებული თანმხლებ პირთან ერთად შემთხვევს ადგილიდან მიიმალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულის დაკავების დროს, მამაკაცმა პოლიციელების დანახვაზე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ჯერ პოლიციელებს დაუმიზნა, შემდეგ კი თავზე მიიდო და გასროლა განახორციელა.
“დანაშაულის ჩადენისთანავე, ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
დანაშაულის ჩამდენი პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ღონისძიებებში ჩაერთნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც, მათი ადგილსამყოფელის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სხვადასხვა მისამართებთან ერთად გამოცხადდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გ.ს.-ის ნათესავის სახლში, სადაც მათ ადგილზე დახვდათ გ.ს.
პოლიციელების დანახვისთანავე, გ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ჯერ მიუშვირა პოლიციის თანამშრომლებს, ხოლო შემდეგ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები.
სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით, სსკ-ის 375-ე მუხლით, 1989 წელს დაბადებული გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ გ.ს. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










