ქართველი ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა.
Web Summit 1-4 ნოემბერს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა და PITCH-ის გამარჯვებულიც ღონისძიების ბოლო დღეს გამოავლინეს.
კონკურსში 100-ზე მეტი სტარტაპი მონაწილეობდა, რომელშიც გამარჯვება, საბოლოოდ, ანა რობაქიძის Theneo-მ მოიპოვა.
ეს გამარჯვება ჩემი თანაგუნდელების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა წერს ანა ფეისბუქზე:
კონკურსის გამარჯვებული Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რესურსია, რომელიც ვებდეველოპერებსა და კომპანიებს API დოკუმენტაციის შედარებით სწრაფად და იაფად შექმნას სთავაზობს.
უფრო მარტივად, API არის მექანიზმი, რომელიც ორი პროგრამული კომპონენტის ერთმანეთთან კავშირს უზრუნველყოფს. მაგალითად, ამინდის ბიუროს პროგრამულ სისტემაში განთავსებულია ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ. ჩვენს მობილურებში, ამინდის აპლიკაციაში, ეს ინფორმაცია სწორედ API-ის საშუალებით მოდის. ასევე, როდესაც გარკვეულ ნივთს ან მომსახურებას ონლაინ ვყიდულობთ და ვაჭერთ გადახდის ღილაკს, API ამოწმებს ჩვენს საბანკო მონაცემებს, მაგალითად, არის თუ არა საკმარისი თანხა ბარათზე, შემდეგ ამ მონაცემს უბრუნებს ვებსაიტს და სწორედ ამის შემდეგ სრულდება შესყიდვის ოპერაცია.










