თბილისის ცენტრში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების გამო დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ, რის მერეც მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. 35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ თავს იცავდა.
“ეს იყო განპირობებული მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენის მიზნით გაკეთებული. რაც შეეხება ასაფეთქებელ მოწყობილობას, ვისი იყო, აღნიშნულთან დაკავშირებით მე თავს შევიკავებ, იმიტომ რომ არის ძიების საგანი.
არაერთი მოწმე არის იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, შემდეგ ძალის გამოყენებით ტენიდნენ ავტომობილში და წინასწარ განჭვრეტადია, თუ რა სამომავლო შედეგებზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, ვინაიდან დღისით-მზისით, როდესაც პირები ასეთ ქმედებას ჩადიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან და იყო ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ მისი სიცოცხლე მოესპოთ,” – აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.
შემთხვევა ორი დღის წინ თბილისის ცენტრში მოხდა. ოთხ პირთან ურთიერთშელაპარაკების შემდეგ დაკავებულმა მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, დაშავდა 3 პირი – ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.








